"თავისუფალი დემოკრატები" მიწის რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ

ცოტა კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა "თავისუფალი დემოკრატები" რაღაც ინიციატივით გამოვალთ, მაშინვე სხვა პარტიები ცდილობენ ამ ინიციატივებს შეეხმიანონ და ცალკე ინიციატივებით გამოვიდნენ, - ასე შეაფასა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რომელმაც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პარლამენტს კანონპროექტით მიმართა.

"მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს როგორ სცემდნენ პატივს კერძო და მიწის საკუთრებას 9 წლის განმავლობაში, ეს კარგად დავინახეთ. მათი მხრიდან, ცოტა ცინიკურიც არის ამაზე საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ შევაჩეროთ კანონპროექტის სწრაფი ტემპით გატანა, რომელიც ითვალისწინებს კერძო და მიწის საკუთრების ხელყოფას ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, თუ კანონპროექტის გატანა არ მოხერხდა, მაშინ "თავისუფალი დემოკრატები" ალტერნატიულ კანონპროექტზე დაიწყებენ ფიქრს. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მიწის რეფორმის ბოლომდე მიყვანა საქართველოში მხოლოდ "თავისუფალ დემოკრატებს" შეუძლიათ.

"მიწის რეფორმა ჩააგდო სააკაშვილმა, არ გააგრძელა და არაფერი გააკეთა ივანიშვილის მთავრობამ და "თავისუფალი დემოკრატები" მიწის რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ საქართველოში", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.