პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს

პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს

მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციის პროცესში სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება. საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის მთავრობაში პრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში დაეხმარება.

"შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მისცემთ შესაძლებლობას, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ოპონენტების მისამართით განაცხადა, რომ ისინი "ღია კარს ტყუილად ამტვრევენ".

"პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.