საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილ საფუძვლებს გასცდა.
როგორც კვერენჩხილაძემ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე, საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანასკნელ პერიოდში, თუ დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო მოხსენებაში მითითებული იყო იუსტიციის საბჭოს მყისიერი რეფორმის დაწყების და გატარების აუცილებლობა.
"აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმირება იმისთვის, რომ ამ ორგანომ კვლავ დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა და ეს ნდობის მანდატი გაძლიერდეს", - დასძინა კვერენჩხილაძემ.