ბიძინა კუჭავას ფეხზე დაზიანება სავარაუდოდ გარდაცვალების დღეს აქვს მიყენებული და არა რამდენიმე დღით ადრე - ამის შესახებ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებული რამდენიმე საათიანი მიკროსკოპული გამოკვლევის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხდაა.
იგი "საქათველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით არის ჩართული საგამოძიებო მოქმედებებში.
დასახელებული ვერსიით, ბიძინა კუჭავამ ფეხი ე.წ. "ბარგალკით" დაიზიანა, მაშინ როდესაც პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარს იგივე ხელსაწყოთი ანაწევრებდა.
"დღეს ჩატარდა კუჭავას ტერფის მიდამოდან აღებული კანის პრეპარატის მირკოსკოპული გამოკვლევა. ეს არ იყო ხანდაზმული ჭრილობა. დაცვისა და ბრალდების მხარის ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტად ვერ დავასახელებ რამდენი ხნის წინ შეიძლება ყოფილიყო ჭრილობა მიყენებული, თუმცა უხეშად რომ ვთქვათ, ბიძინა კუჭავას ეს ჭრილობა მიყენებული აქვს სიცოცხლის ბოლო დღეს", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მისი თქმით, ჯერ არ მომხდარა იმ ხელსაწყოს ექსპერტიზა, რომელზეც გამოძიებაშია საუბარი, რადგან ის სხვა ექსპერტიზისთვის აქვთ წაღებული, შესაბამისად, როგორც ექსპერტი ამბობს, უცნობია რითი აქვს დაზიანებული ბიძინა კუჭავას ფეხი.
მაია ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, დღესვე გამოიკვლიეს მოკლული პროკურორის პაატა ქირიას ძვალი, რითაც იკვეთება, რომ ქირიას სხეულზე დანაწევრების მცდელობა აღინიშნება.
"ქირიას ძვლის კვლევის შედეგად, საეჭვო დაზიანებები იქნა ნანახი, შეინიშნება ზემოქმედებები", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
დამოუკიდებელი ექსპერტი "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის თხოვნით და პროკურატურის ნებართვით ჩაერთო ექსპერტიზებში.
პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება.
შსს-ს ცნობით, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა კვალის ასარევად, ქალაქ რუსთავში გადაგდებული, ვახტანგ ქირიას მობილური ტელეფონი. 16 იანვარს კი, იგი ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს.
შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.