ლევან მურუსიძე მზადაა, მოსამართლეთა ტესტებთან დაკავშირებული გამოძიებისას პროკურატურასთან ითანამშრომლოს

ლევან მურუსიძე მზადაა, მოსამართლეთა ტესტებთან დაკავშირებული გამოძიებისას პროკურატურასთან ითანამშრომლოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის ინფორმაციით, ის მზადაა საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტებთან დაკავშირებით პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

როგორც ლევან მურუსიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების პასუხების გამჟღავნებაზე მოკვლევას ის თავად აწარმოებდა და მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ტესტების სავარაუდო გამჟღავნების ფაქტს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის.

"ტესტებთან დაკავშირებით მე ვაწარმოებდი მოკვლევას. როგორც კი გავიგეთ ამის თაობაზე. ეჭვი რომ არავის შეეპაროს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამასთან დაკავშირებით რაიმეს დამალვას აპირებს, საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ჩემი მოხსენების შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ტესტების სავარაუდო გამღავნების ფაქტს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ. თუ საჭირო იქნება და თუ პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის გამოძიების პროცესში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მისცეს ჩვენება, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან. საჭიროა სპეკულაცია დამთავრდეს. არავინ არ აპირებს არაფრის დამალვას", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.