პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველაფერი უნდა მოახერხოს, რათა მამუკა ახველდიანთან დაკავშირებული პრობლემა ამოიწუროს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამა თუ იმ მოსამართლესთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ზედმიწევნით დასაბუთებული, სამართლიანი და კანონიერი, რათა არ გაჩნდეს კითხვები.
"ნებისმიერი კითხვა, ბუნებრივია, საზოგადოებაში იწვევს შემდეგ გარკვეულ ბზარს სასამართლოსადმი ნდობის თვალსაზრისით. მინდა, ამ შემთხვევაში საზოგადოება არ დაზარალდეს. თითოეული მოსამართლის თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, გადის თითოეული საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვეტის ბედი. ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოსამართლესთან დაკავშირებით უნდა იყოს ზედმიწევნით დასაბუთებული, სამართლიანი, კანონიერი, რადგან არ უნდა გაჩნდეს კითხვები. თუ კითხვები ჩნდება, მაშინ დამატებით საჭიროა მუშაობა ამ თემაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.
მამუკა ახველდიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა.