მდინარე ფსოუზე ძველი ხიდის რეკონსტრუქცია ჩატარდება. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
როგორც "სპუტნიკ-აბხაზია" წერს, რუსული მხარე ხიდის რეკონსტრუქციას ჩაატარებს, რათა გაუმჯობესდეს "აფხაზურ-რუსული საზღვრის გამტარიანობის ხარისხი". აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება.
მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გულრიფშის რაიონში რუსული მხარე ახალ ციხეს ააშენებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს 18 თებერვალს შეხვდა.