დათა ახალაიას ადვოკატი, ირაკლი ზაქარეიშვილი გირგვლიანის საქმის განხილვიდან ჩამოაცილეს. როგორც ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ აღნიშნული გადაწყვეტილებით "ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთა შეასრულა და სრულიად გაუგონარი, უკანონო განჩინება გამოიტანა".
"მოსამართლის გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა – სამართლებრივი თავხედობა! მოსამართლემ ჩემი "საქმიდან ჩამოცილების" ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რაც არის სრული სიცრუე და სისულელე", - აცხადებს ზაქარეიშვილი და მოსამართლის გადაწყვეტილების დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.
მისივე თქმით, ის ითხოვდა კონკრეტული მოწმის დასაკითხად მისცემოდა მოსამზადებელი დრო, თუმცა ამაზე უარი მიიღო და მას შემდეგ, რაც მან ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისგან მიიღო თანხმობა, რომ შეეძლო დაკითხვა არ განეხორციელებინა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და ის საქმის განხილვას ჩამოაშორა.
ზაქარეიშვილის თქმით, დათა ახალაიას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.
ადვოკატის მტკიცებით, ხელისუფლება სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მუდმივად უშლიდა ხელს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
"მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს სახალხო დამცველს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს – შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დატოვონ ჩემს მიერ ყოველივე ზემოაღნიშნული", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.