თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეობის ტესტების სკანდალთან დაკავშირებით ახალ გარემოებებზე საუბრობს.
როგორც მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტესტებზე და კაზუსებზე წვდომა ჰქონდათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
მამუკა ახვლედიანი ვარაუდობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ან ყველა ერთად არის ჩართული ტესტების წინასწარ გამჟღავნების საკითხში, ან ერთი ნაწილი მეორეს აშანტაჟებს. კერძოდ, მისი განმარტებით, საეჭვოა ლევან მურუსიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ საბჭოში მოკვლევა ჩაატარა და წევრებს ტესტების გამჟღავნების საკითხთან შეხება არ ჰქონიათ.
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, საინტერესოა, როგორ ჩაატარა მურუსიძემ მოკვლევა კომისიაში, რომლის თავმჯდომარეც თავად არის.
"ჩემთვის ბევრი საინტერესო ადამიანია, ვინც გამოცდებში მონაწილეობდა და ურთიერთობა აქვს როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ლევან მურუსიძეს, რომელიც აცხადებს, რომ ამ საკითხზე შიდა მოკვლევა ჩაატარა, კომისიაც კი არ შეუქმნია. მისივე თქმით, სასაცილოა საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ გამორიცხული არ არის ტესტების გამჟღავნება ჰაკერული თავდასხმის შედეგი იყოს.
"საბჭოს ამ გამოცდების პერიოდში იმ კომპიუტერებში, რომლითაც გამოცდები ბარდებოდა, ჩართული იყო ინტერნეტი, უფრო მეტიც, ზოგი გამოსაცდელი სარგებლობდა საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, რაც კანონის დარღვევაა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა, რომლის თქმითაც, არც ის არის გამორიცხული, რომ ე.წ. ფლეშკით ჰქონდათ მიტანილი გამოსაცდელებს გარკვეული მასალები.
ახვლედიანის ინფორმაციით, პროკურატურაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტესტების საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გადაუგზავნია.
მამუკა ახვლედიანი საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში , უხერხულობა შეექმნება, რადგანაც ამ საკითხში შესაძლოა ბევრი მოსამართლე იყოს ჩართული.
"საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე თავად ლევან მურუსიძე იყო, რაც დებულებით არის განსაზღვრული. ტესტები და კაზუსები კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მიჰქონდათ ავტორებს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.