მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების რეგიონში, ნატო-ს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად 100-მდე ჩეხი ჯარისკაცი გაიგზავნება.
როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ განაცხადა.
თავად ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, პეტრ პაველის განმარტებით კი, ეს ნაბიჯი მიმართული იქნება ნატო-ს ერთობის დემონსტრირებისკენ და არ გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ ძალების განლაგებას.
ამასთან, euronews.ge-ს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საზღვრებზე გაძლიერების გარდა, ნატო მუშაობს საგანგებო გეგმასა და ზომების პაკეტზე, რათა მზად იყოს რეგიონში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის.
"ნატო-მ შექმნა სწრაფი რეაგირების ძალები 5 000-იანი შემადგენლობით და სამეთაურო პუნქტებით ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. მიმდინარე წელს ამ ექვს ქვეყანაში განლაგებული ბრიგადებისთვის აშშ დამატებით სამხედრო ტექნიკას გაგზავნის. პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურს, რომ მათ ტერიტორიებზე ნატო მუდმივად იყოს მობილიზებული.
ნატო-ს ახალი გეგმის დეტალები უკვე ივლისში, ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი", - წერს სააგენტო.