მამუკა ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო და მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება

მამუკა ახვლედიანი არაეფექტური მენეჯერი იყო და მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება

მამუკა ახვლედიანი იყო არაეფექტური მენეჯერი და მოხდა მისი თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენება, თუმცა ის კვლავ მოსამართლეა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

ლევან მურუსიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახვლედიანს არ ედავება როგორც მოსამართლეს.

"მამუკა ახვლედიანთან, როგორც მოსამართლესთან, იუსტიციის საბჭოს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. ის დღესაც მოსამართლეა, მას უფლება აქვს დღესაც და მომდევნო დღეებშიც დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, რომელიც არის სასამართლოში და არავინ არ აპირებს ამ გამოთქმებთან დაკავშირებით რასაც ის აკეთებს რაიმე დევნა განხორციელდეს. ის რჩება მოსამართლედ.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეალურად ის მენეჯმენტი, რომელიც საქალაქო სასამართლოში ხორციელდება არ ემსახურებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს – არ იმყოფებოდა ხშირად სასამართლოში, რეალურად ეჭვი დგებოდა საქმეთა მართლზომიერ გადანაწილებებზე და საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მენეჯმენტის კუთხით. ის იყო არაეფექტური მენეჯერი, შესაბამისად მოხდა მისი თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მაგრამ მას, როგორეც მოსამართლეს არავითარი უფლება არ შეზღუდვია", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისი ბიულეტენის ვადის ამოწურვის და სამსახურში დაბრუნების შემდეგ.

"თვითონ აცხადებს, რომ ის ბიულეტენზე იყო 21 რიცხვის ჩათვლით. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს განიხილა 22 რიცხვში. თუ ადამიანი ბიულეტენზეა ის სახლში უნდა იყოს. თუმცა ის აქტიურად დადიოდა სამსახურში, ესეც გამოსაკვლევი საკითხია", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.