იუნისეფი პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

იუნისეფი პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პოლიციელთა მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო შემთხვევის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია 2015 წლის დეკემბერში თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე.

იუნისეფი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერებისა და დაჩქარებისთვის.

"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "გაერო-ს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით, რომლებსაც, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ადგილი ჰქონდა თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში 2015 წლის დეკემბერში. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, "არც ერთი ბავშვი შეიძლება იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი" (მუხლი 37 ა., ბავშვის უფლებათა კონვენცია). ამავე უფლებებს უზრუნველყოფს სხვა საერთაშორისო და რეგიონალური შეთანხმებები, რომლებიც ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

შესაბამისად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს ბავშვებთან მომუშავე მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა, მათ შორის პოლიციელთა, სპეციალიზაციას.

იუნისეფი აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პოლიციელთა გამოყოფის და გადამზადების მხრივ და ამავე დროს, მოუწოდებს სამინისტროს, დაუყონებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების და დაჩქარების მიზნით და უზრუნველყოს ხარისხის კონტროლისა და ეფექტიანი მეთვალყურეობის მექანიზმი.

იუნისეფი, სხვა დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და სურვილს გამოთქვამს გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა კონვენციის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად", - ნათქვამია გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებაში.