ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, "რესპუბლიკელებისადმი" პირადი წყენის საფუძველი დეპუტატ გოგი თოფაძეს ჰქონდა, თუმცა მისი პასუხი გადასწვდა არამხოლოდ "რესპუბლიკურ პარტიას", არამედ კოალიციასა თუ მთავრობას.
ვოლსკის თქმით, სწორედ ამან წარმოშვა კითხვები, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე პასუხი უნდა გაეცეს.
"პირადი წყენის საფუძველი ბატონ გოგი ჰქონდა, იმიტომ რომ არის რაღაც ლიმიტები, რომლებიც ჩარჩოში უნდა ათავსებდეს ადამიანებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დროს ეთიკურ ნორმებს. ვფიქრობ, არასწორი იყო მის მიმართ დამოკიდებულება. ბატონი გოგი საკმაოდ დამსახურებული პიროვნებაა, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. საკმაოდ პატრიოტული სულისკვეთების ადამიანია, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს, საპარლამენტო საქმიანობაც იცის. დაუშვა რაღაც არაკორექტული გამონათქვამი პრეზიდენტის პარლამენტში ყოფნისას, თვითონაც ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამ გამონათქვამს მოჰყვა კიდევ მეტი არაკორექტულობა მის მიმართ. მაგრამ პასუხი, რომელიც მან გასცა კონკრეტულად "რესპუბლიკური პარტიის" ზოგიერთ წარმომადგენელს, შეეხო არა "რესპუბლიკურ პარტიას" პირდაპირ, არამედ გადასწვდა კოალიციისა თუ მთავრობის პოზიციას საგარეო თუ საშინაო საკითხებში. სწორედ ეს არის თემები, სადაც მე პირადად მის განცხადებებს, გამონათქვამებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ვერანაირად ვერ დავეთანხმები. ვფიქრობ, კითხვის ნიშნების სწორედ ამან წარმოშვა", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არასწორია აქცენტირება იმაზე, რომ ერთმანეთს ორი ხაზი დაუპირისპირდა – "რესპუბლიკელების" და "მრეწველების".
"არავინ დაიჩემოს, რომ ექსკლუზივი აქვს, ვთქვათ, საგარეო ურთიერთობების თემაზე. "რესპუბლიკელების" განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის საკითხი, რომელიც კოალიციის ინტერესებშია, მართალია და არა ვთქვათ, მხოლოდ "რესპუბლიკური პარტიის" ინტერესია. ასეთი მცდელობებიც იყო, რომ თითქოს ერთმანეთს ორი ხაზი დაუპირისპირდა – ის, რომელიც "რესპუბლიკლებებს" აქვს და ის, რომელიც "მრეწველებს" აქვთ, რაც საფუძველშივე არასწორია", - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის განცხადებით, სწორედ ამ დაპირისპირების გამო გახდა აუცილებელი პოლისტაბჭოს სხდომის მოწვევა მიმდინარე კვირაში, ასევე, მეორე საკითხია, რომ ფრაქციის წევრებს პრემიერთან შეხვედრა სურთ.
გია ვოლსკის თქმით, ის არ გააკეთებს პროგნოზს, თუ რა და როგორ მოხდება და იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი, მაგრამ აცხადებს, რომ ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" და ზოგადად, ხელმძღვანელობის სურვილია, რომ კოალიცია შენარჩუნებულ იქნას.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, მისი თარიღი დაზუსტებული არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, კვირას გაიმართება.