პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდის" ახალგაზრდული მიმართულების ცენტრი გახსნა. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრი ახალგაზრდობის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენაზე, ხედვების ჩამოყალიბებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე იმუშავებს.
მათივე ინფორმაციით, ფონდში ასევე ამოქმედდა თბილისის ახალგაზრდული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ქალაქში არსებულ პრობლემებს და მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მონიტორინგს მოახდენს.
"ჩემი მიზანია, რომ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდებიდან შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ელიტა, რომელიც არ დაემსგავსება დღევანდელს და რომელიც ყველაფერს შექმნის ერთმანეთის თანადგომით. აღარ იქნება ჩემიაენები და სხვისიანები და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სწორად განავითარებს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
როგორც ფონდის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა განაცხადა, დღეიდან დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ "პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდში" გაწევრიანდნენ და ფონდის საქმიანობაში ჩაერთონ.
"25 წელია ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს და იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. მადლობა მათ, რომ ეს ქვეყანა რუკაზე არსებობს, მაგრამ ვეღარ დავაკვირდებით პროცესებს გვერდიდან, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარება მძიმეა და ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გასვლაზე ოცნებობს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ არა 20 და 30 წლის შემდეგ, არამედ ძალიან მალე. ჩვენ ახალი თაობა შემოვდივართ ქვეყნის აქტიურ ცხოვრებაში ვერთვებით ქვეყნის განვითარების ფაქტორბივად ყველა ასპექტში. დღეიდან ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია მოვიდეს რუსთაველის 24-ში და ჩაერთოს საქართველოს განვითარების ფონდის საქმიანობაში", - განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.