არასამთავრობოებს მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოსთან შეკითხვები აქვთ

არასამთავრობოებს მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოსთან შეკითხვები აქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიცის უმაღლეს საბჭოსთან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილების მიმართულებით უამრავი შეკითხვა აქვთ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების სახლში ახვლედიანთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს.

როგორც "მოსამართლეთა ერთობის" წარმომადგენელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, კითხვები ჩნდება თუნდაც იმიტომ, თუ რატომ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.

"ჩნდება შეკითხვა, რატომ არ მოუსმინა საბჭომ მეორე მხარეს. ჩვენთვის საინტერესოა ასევე რა მეთოდოლოგიით შეაფასა საბჭომ ახვლედიანის, როგორც თავმჯდომარის საქმიანობა. რამდენად კომპლექსურად შეისწავლა საბჭომ საკითხი საქართველოს მასშტაბით, ვგულისხმობ, ხომ არ უნდა ველოდოთ სხვა თავმჯდომარეების მიმართაც მსგავს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების" წარმომადგენლის ანა აბაშიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ფაქტია, რომ შერჩევითი მიდგომაა.

"ორი დეტალია მნიშვნელოვანი, ვინ დაიწყო ეს პროცედურები მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ და რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, პროცედურების დაცვის გარეშე. ფაქტია, რომ შერჩევითი მიდგომაა საბჭოს მხრიდან,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.

მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გუშინ გაათავისუფლა.