მოსამართლე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ბრძანება, რომელსაც მას ედავებიან, ერთი წლის წინ იყო გაცემული. შესაბამისად, ახვლედიანის მტკიცებით, როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაცემისთანავე დაუყოვნებლივ ეცნობა.
"ამას გავასაჩივრებ რადგან თუკი სამომავლოდ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, მათ არ ჰქონდეთ საბჭოს შიში. მივმართავ ყველა ინსტანციას სადაც საჭიროა და დავამტკიცებ, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს. ახვლედიანის შეფასებით, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოცდების პრობლემის გადაფარვასაც. მამუკა ახვლედიანი განმარტავს, რომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ბიულეტენზე ყოფნის პერიოდში მოხდა და მიმართვა, რომელიც მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაუგზავნა, ადრესატამდე არ მისულა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი გუშინ თბილიცის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლა.