რუსი ოპოზიციონერის ანგარიში: ჩეჩნეთში არმია მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილება

რუსი ოპოზიციონერის ანგარიში: ჩეჩნეთში არმია მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილება

რუსი ოპოზიციონერის ანგარიში - ჩეჩნეთში არმია მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილება ჩეჩნეთში რეგიონული არმიაა შექმნილი, რომელიც შესაძლოა, თანამედროვე რუსეთში ყველაზე ბრძოლისუნარიანი სამხედრო დაჯგუფება იყოს. შეიარაღებული "კადიროველების" რაოდენობა 30 000-ს აღწევს და ისინი ფაქტობრივად, მხოლოდ რამზან კადიროვს ემორჩილებიან. ასეთ ინფორმაციას შეიცავს მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მეგობრის, ილია იაშინის საექსპერტო ანგარიში სახელწოდებით "საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის", რომელიც იაშინმა ნემცოვის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით მოამზადა.

აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნება დღეს არის დაგეგმილი, თუმცა გუშინ რუსულმა ინტერნეტ-გამოცემა "ნიუ თაიმსმა" ანგარიშის ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც ჩეჩნეთის არმიაზეა საუბარი.

ამ ნაწილში სათაურით "კერძო არმია" ილია იაშინი იძიებს, თუ რა მდგომარეობაა ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებში.

"ფაქტობრივად, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები არ ექვემდებარებიან ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებს და მხოლოდ ჩეჩნეთის პრეზიდენტისადმი არიან ლოიალური. მხოლოდ ჩეჩნეთში კრემლმა ადგილობრივი დანაყოფების შექმნის ნება დართო, რომლებიც დე-ფაქტო მხოლოდ რესპუბლიკის ლიდერს ემორჩილებიან", - წერს რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი.

მისი ცნობით, ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურების ბირთვი – ყოფილი სეპარატისტები არიან, რომელთა შეწყალება რამზან კადიროვის გადაწყვეტილებით მოხდა.

"სწორედ მან მისცა საშუალება, იარაღი კვლავ აეღოთ ხელში, მაგრამ უკვე მისი კონტროლის ქვეშ", -წერს ილია იაშინი.

მისი ცნობით, უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დროს უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ჩეჩენი ბოევიკების დანაყოფები იბრძოდნენ, 2014 წლის ნოემბერში კი გაჩნდა დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ კადიროვიის ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებმა დონბასში ცალკე ჩეჩნური ბატალიონი სახელწოდებით "სიკვდილი" შექმნეს. ამ ბატალიონის მებრძოლები იბრძოდნენ დონეცკის აეროპორტისთვის და ქალაქ ილოვაისკისთვის.

საექსპერტო ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში კადიროვის "ბოევიკები" მოსკოვშიც გააქტიურდნენ. რამზან კადიროვის მეგობარი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების დაცვის გარდა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ე.წ. "ჩეჩნური განყოფილება" დახმარებას კრიმინალურ დაჯგუფებებსაც უწევდა.