მიხეილ ჯანელიძე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

მიხეილ ჯანელიძე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ, მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მინისტრი შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს. 

საგარო უწყების ინფორმაციით, დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს, აგრეთვე, გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში. მიხეილ ჯანელიძე, ასევე, შეხვდება ბუნდესტაგის ე.წ. 94-იანების კლუბის წევრ დეპუტატებს.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლები გერმანულ ანალიტიკურ ცენტრებში, შეხვედრები გერმანელ ექსპერტებთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან. 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ზაარბრიუკენსა და ვადერნს ეწვევა. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება აღნიშნული ქალაქებს მერებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებს. ესტუმრება ზაარბრიუკენის უნივერსიტეტსა და ვადერნის სკოლას.