“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ მოტყუებული მომხმარებლები გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ მოტყუებული მომხმარებლები გაზრდილ გადასახადს აპროტესტებენ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გაზეთ  „ვერსიასთან“ თბილისის გოგირდის აბანოების ხელმძღვანელები აცხადებენ.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა მოქმედებს თაღლითური გზით, თვითნებურად, კანონის სრული უგულველყოფით აწესებს გადასახადებს, მომხმარებელს ახდევინებს მეტს და ამაზე პასუხისმგებელი არავინაა. ესაა თაღლითობის კლასიკური ნიმუში და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. 0,90 ლარის დაწესების უფლება მათ არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდათ. ჩვენ შესაბამის ორგანოებს მივმართავთ  და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის დასადგენად. პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა,“ - აცხადებს  „ნარიყალას“ ხელმძღვანელი, ნოდარ ტოტოღაშვილი.

ჭრელი აბანოს ხელმძღვანელი, ნოდარ თედიაშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარება  და საკითხი ისე მოგავრდება, რომ ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

სემეკი-ს, 2010 წლის 17 აგვისტოს, წყალმომარაგების ტარიფის შესახებ დადგენილების პირველივე მუხლის მეორე პუნქტში, რომელიც წყალმომარაგების ტარიფების ზედა ზღვარს განსაზღვრავს, წერია: “წყალარიდების ზღვრული ტარიფი – 0,716 ლარი/მ3”.

ეს იმას ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მომსახურებისთვის კომპანიამ, ერთ კუბურ მეტრ წყალზე, მომხმარებელს მაქსიმუმ 0,716 ლარი შეუძლია გადაახდევინოს.  კანონმდებლობის თანახმად, ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%-ს შეადგენს და საერთო ტარიფი 0,845 ლარამდე ადის. ამ დროს, 2015 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეში აბანოს ხელმძღვანელებს მოუვიდათ ქვითრები, სადაც ერთ კუბურ მეტრზე, 0,90 ლარია ნაანგარიშევი. ანუ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ერთ კუბურ მეტრზე გადასახადი 0,055  ლარით უკანონოდ გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ დაწესებულ არაგონივრულად მაღალ გადასახადსაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკმა და კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწია, მუშაობას ვერ გააგრძელებენ. არის საფრთხე, რომ თბილისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირშესანიშნაობის გარეშე დარჩეს.