მამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას

მამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას "პირდაპირ დევნად" აფასებს

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მის გათავისუფლებას "პირდაპირ დევნად" აფასებს და აღნიშნულს იმ საჯარო განცხადებებს უკავშირებს, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკრიტიკებდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პოზიციის წერილობით დაფიქსირების საშუალებაც კი არ მისცა. 

"რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ჩემს მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ეს არის პირდაპირი დევნა. ბიულეტენზე ვარ. ოჯახის ექიმმა არ მომცა გამოსვლის საშუალება და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დასრულდეს მკურნალობის კურსი. პოზიციის გამოხატვის საშუალებაც არ მომცეს, წერილით ვუხსნიდი, რომ კანონით მაქვს მონიჭებული ეს უფლება. წერილით მივმართე და ვთხოვე, წერილობითი პასუხისთვის დრო მოეცათ. შემდეგ, ყველა საბჭოს წევრთან ვცდილობდი დაკავშირებას, არავინ მიპასუხა, არც აპარატის მოხელეებმა, რომ მეთქვა, თუ საჭიროა და თუ ვინმემ თქვა, რომ არ ვცხადდები, ახლავე მოვალ და ვიტყვი ამ პოზიციას-თქო. არც 5 საათს დაელოდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. მეტ სახელს ვერ დავარქმევ, ეს არის დევნა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 

რაც შეეხება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, რომელიც საბჭოს მხრიდან დასახელდა, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ "ტყუილია, თითქოს მან კატეგორიები გააუქმა". 

"იუსტიციის საბჭოსგან ბრძანებაზე იყო საუბარი, რომელიც სასამართლოში სპეციალიზაციას ეხება. 5 მოსამართლე იყო გათვლილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე. ეს მოსამართლეების მოთხოვნა იყო და კანონითაც ამის უფლება მქონდა. მოსამართლეებმა მოითხოვეს, რომ მაგალითად, როდესაც იხილება ერთი ძმის, ცოლის, მამის საქმე და შემხვდა მე, იქნებ საქმეები ისე გადანაწილდეს, რომ ყველა კატეგორიის მოსამართლეს დაეკისროს ყველა დანარჩენი კატეგორიის საქმის განხილვა. კატეგორია არ გამიუქმებია, ტყუილს ამბობენ. ამის უფლებამოსილება მქონდა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.