მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო

მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ეკა ბესელიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენების გადაწყვეტილების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება სიბრიყვეა  

ბესელია თავად ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს და ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არასწორი იქნება, პარლამენტმა ხელისუფლების მესამე შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე ისაუბროს. როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო.

"მე ვერ ვიტყვი ვერც იმას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა და საერთოდ, შინაარსობრივ შეფასებაში არ შევიდოდი. არ იქნება სწორი, რომ პარლამენტმა ხელისუფლების მესამე შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე შეფასებები აკეთოს. ამიტომ, მე პირველ რიგში, უნდა გამოვეხმაურო იმ სიბრიყვეს და იმ არასერიოზულ კომენტარს, თითქოს ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება ესეც. ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობდნენ. ყველაფერში რომ ეს ადამიანი ელანდებათ, მგონი მათი პრობლემაა. ამ პროცესის ასეთი არასერიოზული შეფასება, კომენტარადაც არ ღირს, მაგრამ თავისთავად ფაქტი მნიშვნელოვანია. სწორი იყო ეს გადაწყვეტილება თუ არა, ამ გადაწყვეტილების მართებულობაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს იყო საბჭოს მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მე არ ვიცი, რითი იხელმძღვანელა იუსტიციის საბჭომ", - აცხადებს ბესელია.