თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ყველა საღი აზრის მქონე ადამიანში კითხვის ნიშნებს ბადებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
პავლე კუბლაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას მამუკა ახვლედიანის კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის მოსამართლეთა ტესტირებაზე დაშვებულ ხარვეზებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ამასთან, კუბლაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები ყველა მსგავს საკითხში ნაკლებად უნდა ერეოდნენ.
"ფაქტი, რომ მამუკა ახვლედიანს გამოგონილი მექანიზმებით, გამოგონილი შეცდომის გამო ათავისუფლებენ მის მიერ რამდენიმე კონკრეტული ფაქტის დასახელების შემდეგ, ყველა საღი აზრის მქონე ადამიანში კითხვის ნიშნებს ბადებს. ძალიან ცუდია, რომ სასამართლო სისტემაში ვერ ხვდებიან, რომ მსგავსი კითხვის ნიშნები არ უნდა გააჩინონ. ეს ძალიან ცუდად დაუბრუნდებათ მათ. ვერ გეტყვით, ვინ უფრო არის დამნაშავე, ვინ უფრო ერევა, ეს არის შიდა ინსტიტუციური ბრძოლა უპირატესობის მოპოვებისთვის, თუ რა არის, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ მსგავსი დაპირისპირებები არსებობს. ძალიან ცუდია, რომ სიმართლის თქმა ისჯება და ცუდია, რომ სასამართლო სისტემაში ამას ვერ ხვდებიან ", - აცხადებს კუბლაშვილი.