ეს არ ყოფილა რევანში, ეს იყო წესის დარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მამუკა ახვლედიანი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლედ.
"გათავისუფლების საფუძველია საქმის წარმოების პრობლემები, ანუ სასამართლოში შესულ საქმეთა განაწილების პრობლემები, რომელიც დაფიქსირდა ახვლედიანის გაცემული ბრძანების შესაბამისად. ეს მის განცხადებებთან კავშირში არ არის. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესთან დაკავშირებით, გარდაუვალი გახდა ბრძანების სახით, ყველა ნორმატიული აქტის გადახედვა, რომელიც სასამართლოში იყო შემოღებული. ამ ბრძანებების შესწავლის დროს გამოიკვეთა მთელი რიგი დარღვევები საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებით", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახვლედიანი შეგნებულად თავს არიდებს საბჭოზე გამოცხადებას და პასუხების გაცემას იმ შეკითხვებზე, რომელიც არსებობდა.
"აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს მხრიდან, ხმათა უმრავლესობით. საბჭომ ჩათვალა, რომ იმოქმედა პროცედურების დაცვით და მიიღო სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
მისი თქმით, მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შემდეგ, საბჭოს გადაწვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი ებანოიძე, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას ეკა არეშიძე შეასრულებს.