მანანა კობახიძე:   ჩვენი ინტერესია კოალიცია დარჩეს ერთიანი

მანანა კობახიძე: ჩვენი ინტერესია კოალიცია დარჩეს ერთიანი

ჩვენი ინტერესია, დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი, მყარი მექანიზმის სახით – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, "მრეწველების" ერთ-ერთ ლიდერ გოგი თოფაძის და "რესპუბლიკელების" დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამისთვის აუცილებელია პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობა.

"ჩვენ გვინდა, რომ ხმაური, რომელიც საჯარო სივრცეში მიმდინარეობს, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობა. იმედი მაქვს, ეს მალე იქნება. რაც მთავარია, ეს გარკვეული დაპირისპირება თუ პრობლემა, რაც არსებობს, ამოიწურება სწორედ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც არის არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ზოგადად კოალიციის, ხელისუფლების სიმყარის და ერთობის, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

რაც შეეხება გოგი თოფაძის კოალიციიდან შესაძლო გარიცხვის საკითხს, პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, იგი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ თემებზე ისაუბროს.

"პირველ რიგში, ამაზე უნდა ისაუბროს კოალიციაში, იგივე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თუ კოალიციის ლიდერმა, რომელიც ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს. ნაადრევი განცხადებები, მითუმეტეს, საკმაოდ მწვავე, ვფიქრობ, ურთიერთობებს უფრო დააზიანებს. ეს არ იქნება მიმართული მდგომარეობის განმუხტვისაკენ. ჩვენი ინტერესია, ეს დაპირისპირება რაც შეიძლება სწრაფად ამოიწუროს და კოალიცია დარჩეს ერთიანი, მყარი მექანიზმის სახით", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.