იუსტიციის საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და გასცდა თავის უფლებამოსილებას

იუსტიციის საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: დაარღვია სამართლიანობის პრინციპი და გასცდა თავის უფლებამოსილებას

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუშვა ორი შეცდომა: დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და გასცდა თავის უფლებამოსილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა განუცხადა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონის ის ნორმა, რომელსაც ედავებოდა ახვლედიანს, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს.

"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია სამართლიანობის ელემენტარული პრინციპი და არ მოუსმინა მეორე მხარეს, რომელსაც ბრალდებას უყენებდა მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარე ითხოვდა პარასკევამდე სათანადო გონივრული ვადის მიცემას თავის დასაცავი და ფაქტობრივი არგუმენტების წარმოსადგენად. იუსტიციის საბჭო გასცდა თავის უფლებამოსილების ფარგლებს, შეიჭრა სადისციპლინო კოლეგიის ფუნქციებში და დააკისრა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება - თანამდებობიდან გათავისუფლება. ეს იგივეა, რომ პროკურატურამ გამოიძიოს საქმე, წაუყენოს ბრალი პირს, თავად გამოიტანოს განაჩენი, დააკისროს სასჯელი და აღუკვეთოს თავისუფლება. აქ დარღვევა მოხდა პროცედურული დებულებების. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანონის ის ნორმა, რომელსაც ედავებოდა სასამართლოს თავმჯდომარეს, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.