სასჯელაღსრულების მინისტრი, კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ შიდა გამოძიების მექანიზმებზე საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნების აღმოსაფხვრელად არსებულ მოდელში დამოუკიდებლობის გაძლიერებაა საჭირო. ამის შესახებ კახა კახიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განუცხადა, სადაც ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით წარმოდგენილია კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. კანონპროექტი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.
როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო სექტორს აქვს განსხვავებული პოზიცია. მათ სურთ, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია საკუთარი პარალელური საპროკურორო ზედამხედველებით და მეტიც, ასევე საკუთარ უწყებაში ჰქონდეს ოპერატიულ სამძებრო ფუნქციების განმახორციელებელი ერთ-ერთი დანაყოფი.
"ეს ნიშნავს, იმას, რომ ფაქტობრივად სურთ შეიქმნას კიდევ დამოუკიდებელი რაღაც რგოლი, რომელიც ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე დაიწყებს საქმის გამოძიებას, ანუ თვითონ მიიღებს ოპერატიულ ინფორმაციას, თავად დაიწყებს საქმის გამოძიებას, თავადვე გაუწევს საპროკურორო ზედამხედველობას და ბრალის მხარდაჭერას სასამართლოში. მაშინ როდესაც არსებობს პროკურატურა, მაშინ როდესაც ყველა უწყებაში არსებობს საგამოძიებო დეპარტამენტები, ჩემი აზრით, ეს არასწორია", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა აღნიშნა, ნამდვილად არის კითხვები და გასაძლიერებელია მექანიზმები, იმისთვის რომ უწყებებში გამოძიების ჩაკეტილობა აღმოიფხვრას, როდესაც საქმე საკუთარ თანამშრომელს ეხება.
"ამ შემთხვევაში რაღაც საგამოძიებო ცალკე მექანიზმების და მონსტრების შექმნით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულები, არამედ იმით, რომ არსებულ მოდელში გამოვნახოთ მექანიზმები და გავაძლიეროთ თუნდაც საპროცესო კანონმდებლობაში ნორმები, რომელიც მისცემს საშუალებას თუნდაც საკუთარ უწყებებში ჩადენილი დანაშაული, მხოლოდ პროკურატურამ გამოიძიოს ამ უწყებისგან დამოუკიდებლად", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და აქ აუციელებელია მეცნიერების ჩართვა, რომ მოხდეს ერთიან მოდელზე შეჯერება. როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ პრეზენტაციაზე მოუსმინეს ინგლისიდან მოწვეულ ექსპერტებს, სადაც ითქვა, რომ იქ ყველა უწყებას ჰყავს თავისი დამოუკიდებელი ინსპექტორიატი.
"ნამდვილად არის კითხვის ნიშნები საზოგადოებაში შიდა გამოძიების მექანიზმებზე, მაგრამ ისინი უნდა აღმოვფხვრათ არა კიდევ ერთი დიდი მონსტრის შექმნით, არამედ არსებულ მოდელში დამოუკიდებლობის გაძლიერებით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.