იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს 5 კითხვით მიმართავს და კითხვებზე პასუხის გასაცემად დროს 17:00 საათამდე აძლევს . აღნიშნული კითხვები საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ წარადგინა. კერძოდ, კითხვები ეხება რეალურად მოხდა თუ არა მამუკა ახვლედიანის მხრიდან საბჭოსგან დამოუკიდებლად საქმეების გადანაწილებებთან დაკავშირებით ბრძანების გაცემა. ადასტურებს თუ არა ამ დარღვევას და უნდა ეცნობებინა თუ არა ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. აღნიშნული კითხვები მამუკა ახვლედიანს წერილობით გადაეგზავნება. საბჭო, მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ პასუხების როგორც მიღების ასევე გაუცემლობის შემთხვევაში მიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობაა საჭირო.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყო მამუკა ახვლედიანი, თუმცა არ მივიდა. ახვლედიანმა გამოგზავნილ წერილში განმარტა, რომ ის იმყოფება ე.წ. ბიულეტენზე. მამუკა ახვლედიანი იუსტიციის საბჭოსთვის გამოგზავნილ წერილში მისი საკითხის განხილვას 26 თებერვლისთვის ითხოვს. აღნიშნული გააპროტესტეს საბჭოს წევრებმა და განაცხადეს, რომ მან უკვე რამდენჯერმე თქვა უარი საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე და მიუღებელია, როდესაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არ იმყოფება კომუნიკაციაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.
საბჭოს კიდევ ერთი პრეტენზიაა საქმეთა განაწილების შესახებ. კერძოდ, საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მამუკა ახვლედიანი საქმეების განაწილებას ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლად საკუთარი ბრძანების საფუძველზე და ეს დარღვევაა, რადგან ამაზე გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო კიდევ ერთი პრეტენზია, რომელიც შოთა გეწაძემ წარადგინა ეხება სასამართლოში სპეციალიზაციას. როგორც გეწაძემ განაცხადა, სპეციალიზაციების განსაზღვრასაც მამუკა ახვლედიანი ახორციელებს თვითნებურად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით.
საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ახვლედიანი არაჯეროვნად ასრულებს უფლებამოსილებას. კერძოდ, ახვლედიანმა 2015 წელს 64-ჯერ გადასცა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების უფლება მის მოადგილეებს. ამ მიზეზების გამო დღევანდელ სხდომაზე შოთა გეწაძემ ახვლედიანის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.