"ევროპის სოციალისტური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ, დღეს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპის სოციალისტური პარტიის" პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვიცე პრემიერ კახა კალაძესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება უფრო ახლოს ითანამშრომლონ "ევროპის სოციალისტურმა პარტიამ" და "ქართულმა ოცნებამ", რომელიც "სოციალისტურ პარტიაში" გაწევრიანდა. ასევე, ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას.
"დღეიდან "ქართული ოცნების" საქმიანობა ჩვენი საქმიანობაა. ვისაუბრეთ როგორც დაუჭერს მხარს ევროპის სოციალისტური ოჯახი მათ არჩევნებზე. ზოგჯერ ხალხს ავიწყდება რა იქნა მიღწეული, ხალხს აქვს უფლება მეტის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია შევახსენოთ სად იყო საქართველო 3 წლის წინ და სად არის საქართველო ახლა", - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.
მისი თქმით, საქართველოში გაუმჯობესდა სიტყვის თავისუფლება, ასევე აღარ ემუქრებიან ოპოზიციას. "ქართულმა ოცნებამ" აღადგინა სოციალური თანასწორობა ქვეყანაში.
"საქართველო უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა გახდა იმასთან შედარებით რაც იყო წინა პერიოდში", - დასძინა სტანიშევმა.
რაც შეეხება იმას თუ კონკრეტულად რა ფორმით დაეხმარება "ევროპის სოციალისტური პარტია" "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო კამპანიაში, სტანიშევიჩი აცხადებს, რომ ჩატარდება ბევრი ერთობლივი შეხვედრა, ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან ბრიუსელს, ასევე თვითონ "ევროპის სოციალისტური პარტიის" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში თბილისში და სოფლად.
"ჩვენ აქ ვიქნებით, თბილისში, სოფლად იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუხატოთ ჩვენს მეგობარ პარტიას", - განაცხადა სერგეი სტანიშევმა.