"რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის შეფასებით, ძალიან ცუდია, რომ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანა ხდება.

როგორც კალაძე აცხადებს, თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ის კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს.

სხდომა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, კალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაიმართება.

მიუხედავად "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებისა, კახი კალაძე მიიჩნევს, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.

"ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ", - განაცხადა კალაძემ.