კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის არჩეული კომისარი შვიდი წლით უხელმძღვანელებს

კანონპროექტის მიხედვით, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის არჩეული კომისარი შვიდი წლით უხელმძღვანელებს

კანონპროექტის "დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის შესახებ" ავტორები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს უნდა ხელმძღვანელობდეს კომისარი, რომელსაც პარლამენტი 7 წლის ვადით აირჩევს, - ამის შესახებ ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელმა, ნიკა ჯეირანაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განუცხადა, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ კანონპროექტია წარმოდგენილი.

როგორც ნიკა ჯეირანაშვილი განმარტავს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო დაახლოებით 30-40 ადამიანით უნდა იყოს დაკომპლექტებული. აქ არ არის საუბარი ცალკე სამინისტროს ან ცალკე პროკურატურის შექმნაზე.

"იქმნება პატარა, მაგრამ ეფექტური და ძლევამოსილი ინსტიტუტი, რომელიც იქნება ახალი ორგანო. ის არ იქნება რომელიმე უწყების ქვეშ, ანუ იქნება დამოუკიდებელი. მას ეყოლება ხელმძღვანელი, რომელსაც პირობითად დავარქვით კომისარი. კომისარს ეყოლება თავისი გამომძიებლები და პროკურორები", - განაცხადა ნიკა ჯეირანაშივილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ორგანოს უფლება ექნება როგორც გამოძიება დაიწყოს, ასევე აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ დანაშაულებებზე, რომლებიც ჩადენილი იქნება სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიერ.

"კომისარს ირჩევს პარლამენტი 7 წლის ვადით, რათა მიბმული არ იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მმართველობასთან. შესაბამისად, მაქსიმალური დამოუკიდებლობისთვის ავირჩიეთ 7 წლის ვადა", - განაცხადა ნიკა ჯეირანაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ორგანოს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება ბიუჯეტი, თუმცა საწყის ეტაპზე მას ექნება უფლება, რომ სახსრები მიიღოს ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან.

როგორც ნიკა ჯეირანაშვილმა აღნიშნა, დონორ ორგანიზაციებს შესაბამისი მზაობა გააჩნიათ.

კონფერენციას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები ესწრებიან.