კახა კახიშვილი:  დამატებითი სტრუქტურების შექმნის მომხრე არ ვარ

კახა კახიშვილი: დამატებითი სტრუქტურების შექმნის მომხრე არ ვარ

მე საერთოდ არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ რომ ასე ძალიან შორს წავალთ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

კახა კახიშვილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით გამართულ კონფერენციას ესწრება, რომელზეც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტია წარმოდგენილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ. სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, როდესაც ნებისმიერ ცვლილების მიღება ხდება უნდა იყოს გააზრებული კონკრეტულად სტრატეგია და რა მიიღება ამ ცვლილების შედეგად.

"ამოცანა არის ის, რომ კონკრეტულად უწყებაში არ მოხდეს ჩაკეტვა იმ გამოძიების, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაულის ჩადენას. ამ ამოცანის შესასრულებლად არის რამდენიმე გზა და ამიტომ არის ზუსტად მსჯელობა, რომ ერთ-ერთი ისეთი ქმედითი მექანიზმი მივიღოთ, რომლის შედეგადაც მივიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც დღეს ვიკრიბებით", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, თუ უწყებებში მომხდარ დანაშაულს კომისარიატი გამოიძიებს, მაშინ მინისტრი სვამს კითხვას თუ ვინ გამოიძიებს კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს.

"მე საერთოდ არ ვარ მომხრე დამატებითი სტრუქტურების შექმნის, იმიტომ რომ ასე ძალიან შორს წავალთ. თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს. მაშინ კომისარიატის კომისარიატი უნდა შევქმნათ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ქმედითი მექანიზმი პროკურატურის ზედამხედველობით და, ჩემი აზრით, საერთოდ თანამდედობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი. ამავდროულად დღევანდელი საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფაქტობრივად ნებისმიერ უწყებაში გამოძიებას ზედამხედველობს პროკურატურა და რომც შეინიშნებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები თანამდებობის პირის მიმართ და უწყებაში იყოს, დამიჯერეთ ნებისმიერი პროკურორი ამას დაადგენს და საქმეს წაიღებს გამოსაძიებლად", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა მკაცრი საკანონმდებლო გარანტიები იმისთვის, რათა დანაშაული, რომელიც უკავშირდება თანამდებობის პირებს, არ დარჩეს გამოსაძიებლად იმ უწყებას, რომელშიც ეს ამბავი ხდება.

კონფერენციას სასჯელაღსრულების მინისტრთან ერთად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დეპუტატები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელბი და ექსპერტები ესწრებიან.