ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის გვერდზე წერს.
"აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს და მინდა კარგად წაიკითხოს ეს მესიჯი ჩვენმა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, ვინც ამა თუ იმ დონეზე პასუხისმგებლობები გადაინაწილეს ქვეყანაში და ხანდახან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ. უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად", ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე კი არ იზრუნებს და იმუშავებს, იმაზე კი არ მიმართავს მთელ ძალისხმევას, რომ ჯერ კიდევ გუშინ სხვისი მხარდამჭერი თავისკენ გადმოხაროს, გადმოიყვანოს, გვერდში დაიყენოს, არამედ უგუნურად იმაზე ხარჯავს დროს და ძალას, თუ როგორ მოიძულოს, გარიყოს, დაიშოროს და საბოლოოდ დაუბრუნოს თავის პოლიტიკურ მოწინააღგმდეგეს ასეთი პოტენციური ამომრჩევლები - საკუთარი მოქალაქეები. (ხაზგასმით ვამბობ, აქ მე არ ვგულისხმობ იმ კონკრეტულ პირებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.)
ჩვენ, საკუთარ მოქალაქეებს ვერ მოვექცევით ისე, როგორც ექცეოდა მათ წინა ხელისუფლება, ვერ დავყოფთ მათ მომხრეებად და მოწინააღგმდეგეებად.
ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვინც ათვითცნობიერებს, რომ მისი საზრუნავი ქვეყნის თითოეული მოქალაქეა და არა მხოლოდ მისი აქტიური მხარდამჭერები.
დღეს, როდესაც ევროპაში, რეგიონში, მსოფლიოში ამდენი ურთულესი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის წინაშე ერთი უმთავრესი შიდა გამოწვევა დგას - საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ", -წერს კვაჭანტირაძე.