ფიჯიზე ძლიერ ციკლონს სულ მცირე 17 ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ "სიენენი" იტყობინება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობა შოკირებულია.
ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ გაანადგურა სტიქიამ სოფლები. ციკლონის გამო ფიჯის მიმართულებით არაერთი ავიარეისი გაუქმებული იყო. თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიამიმოსვლა აღდგა. შედეგად უცხოული ტურისტები ქვეყანას ტოვებენ. დაზარალებული მოსახლეობისთვის კი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა მოხერხდა.
ციკლონი ფიჯის შაბათს საღამოს მიუახლოვდა. ქარის სიჩქარემ საათში 320 კილომეტრი შეადგინა. ციკლონმა ძლიერი წვიმაც გამოიწვია, ტალღების სიმაღლე კი 12 მეტრამდე გაიზარდა. სტიქიის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა. მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდება. სინოპტიკოსები კუნძულზე ციკლონის შესუსტებას სამშაბათს ან ოთხშაბათს ელოდებიან.