სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ჰომსში განხორციელებულ აფეთქებებს სულ მცირე 140 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
დამასკოს გარეუბანში ოთხი აფეთქება გუშინ მოხდა, შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი ქალაქ ჰომსში მომხდარ აფეთქებას 57 ადამიანი შეეწირა.
თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ სირიელ ლტოლვილებს სახლში დაბრუნება არ უნდა ეშინოდეთ. "ჩვენ გვსურს, რომ ხალხი სირიაში დაბრუნდეს", - განუცხადა მან მედიას.
თითქმის ხუთწლიანი დაპირისპირების განმავლობაში სირია 11 მილიონზე მეტმა სირიელმა დატოვა. 250 000-ზე მეტი ადამიანი კი კონფლიქტს შეეწირა.