სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას აუცილებლად მიიჩნევს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში განაცხადა, სადაც ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხს ეხება. კონფერენციაზე წარდგენილია კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც 20-მდე არასამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიმუშავა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ორგანოს შექმნა არის სახალხო დამცველის ინიციატივა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს რეკომენდაცია ერთ-ერთი მთავარი იყო ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშებში.
"ვხედავთ, რომ პრობლემა ამ სფეროში კვლავ არსებობს, ამიტომ აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხების გაცემა. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც კონფერენციის დაწყებამდე ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რათა სამომავლოდ აღმოიფხვრას სისტემური წამების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
M"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც ბრალდების უფლება ექნება, სამომავლოდ შესაძლო ცალკეული ფაქტები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის იქნება გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის შეიძლება დაბრუნდეს იმ სიტუაციაში, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებები წამების სისტემაზე დგას", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.
კონფერენციას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებიან, ასევე იმყოფებიან დეპუტატები და არასამთავრობო ორგანოზაციის წარმომადგენლები.