საქართველოში ისევ დაბრუნდა კითხვა - გვეშველება რამე?! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს კითხვა "ნაციონალური მოძრაობის" დროს არ დასმულა. "ივანიშვილსაც და რუსეთსაც მთავარი რაც უნდათ არის, რომ რწმენა გააქრონ. უკრაინაშიც ამაზე მუშაობენ რუსები. ისევ დაბრუნდა კითხვა - გვეშველება რამე? გაგიგიათ ჩვენ დროს ეგეთი კითხვა? ეს კითხვა - გვეშველება რამე? - მეგონა სამუდამოდ დავამარცხეთ", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება კითხვას, როგორ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან ივანიშვილი, სააკაშვილის თქმით, ივანიშვილი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ჩანს და ამის მარტივი ეპიზოდია ხეების მოჭრის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები. "რეალურად, არ არის ისეთი ძლიერი ივანიშვილი. ამის მარტივი ეპიზოდი იყო მანიაკალური ლტოლვა ხეებისკენ. თვითონ მივიდა ამ ლტოლვის ობიექტებთან და დააპანღურა იქიდან ჩვეულებრივმა ხალხმა. ეს ხალხი იყო ჩვეულებრივი ადგილობრივი აქტივისტები. ყვარყვარე თუთაბერი ხომ გახსოვთ როგორ გაიქცა, ხალხი მოსდევდა. ყვარყვარემ მშვიდობიანად დათმო? გაიქცა უბრალოდ", - განაცხადა სააკაშვილმა.