საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება

საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება

ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში რუსული პროპაგანდის გაზრდის საკითხზე სპეციალური მოხსენება მზადდება. Euronews.ge-ს ინფორმაციით, მოხსენებაზე ევროკავშირში 2015 წლის სექტემბერში შექმნილი სპეციალური სტრუქტურა - აღმოსავლეთის სტრატკომი მუშაობს. სააგენტოს განმარტებით, დოკუმენტი ერთი თვის განმავლობაში თავად აღნიშნული სტრუქტურის ფარგლებში იქნება განხილული, შემდეგ კი მას ევროპარლამენტი დაამტკიცებს. 

თემაზე მომხსენებელი პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა იქნება. მოხსენება შეეხება უკრაინასა და საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელების საკითხებსაც, - წერს euronews.ge

გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში ევროპარლამენტმა უკვე დაამტკიცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ის ინტერნეტ კომპანიები, რომლებიც რუსული ექსტრემისტული პროპაგანდის გავრცელებით არიან დაკავებული, სპეციალურ პასუხისმგებლობას დაექვემდებარებიან. 
"ნიშანდობლივია, რომ მაშინ როდესაც შარშან სტრატკომის პროგრამა მტკიცდებოდა, მას გარკვეული კრიტიკა მოჰყვა ევროპარლამენტარების მხრიდან, რადგან არ იყო ზუსტად განსაზღვრული ის საზოგადოებრივი არეალი, რომელსაც სტრატკომი მოიცავდა. სტრატკომის ხელმძღვანელი პორტმანი არწმუნებს პარლამენტარებს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კამპანია არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას, არამედ დასავლეთ ევროპის მაცხოვრებლებსაც შეეხებათ. დასავლეთ ევროპელი მაცხოვრებლები არანაკლებ ცუდად არიან ინფორმირებული და განიცდიან რუსული პროპაგანდის გავლენას. მაგალითად, საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარი ომის დაწყებაში კიევს ადანაშაულებდა. ხოლო გერმანელების მესამედი იგივე აზრზე იყო",' - აღნიშნავს სააგენტო და ხაზს უსვამს, რომ პორტმანის აზრით, საბერძნეთშიც რუსეთის მიმართ სიმპათიით უფრო მეტი ადამიანია განმსჭვალული, ვიდრე - ევროკავშირის. 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/595