"ევროპის სოციალისტური პარტიის" ლიდერი სერგეი სტანიშევი ხვალ, სასტუმრო "რედისონში", "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს და პარტნიორი ორგანიზაციების ახალგაზრდებს შეხვდება. შეხვედრას "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი და პარტიის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას ევროპის სოციალისტური პარტიის საქმიანობაში, რაც გულისხმობს საქართველოს ახალგაზრდების მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებში, შეხვედრებასა და კონფერენციებში.
"ევროპის სოციალისტური პარტია" ერთ-ერთი წამყვანი სოციალისტური ძალაა ევროპაში, რომელიც ევროპარლამენტში 195 წევრით არის წარმოდგენილი. "ქართული ოცნება" ევროპელ სოციალისტებს გასული წლის ივნისში შეუერთდა.