სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" კახეთის რეგიონში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის ზონაში, სოფელ ვაჩნაძიანთან მცირე წყალსატევარის მოწყობის პროექტი დაასრულა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჩნაძიანის წყალსატევარი ერთ-ერთია სამი საპილოტე პროექტიდან, რომელიც კომპანიამ ირიგაციის თანამედროვე მეთოდის - წვეთური მორწყვის წესის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა. წყალსატევარში მოხდება 10 000 მ3 წყლის მარაგის დაგროვება, რომლითაც მოსახლეობა სარწყავი სეზონის განმავლობაში 140 ჰექტარ სავარგულს მორწყავს წვეთური ირიგაციის მეთოდით.
კახეთის რეგიონში ხორციელდება, ასევე, ბაკურციხისა და ვაქირის სატუმბი სადგურების საპილოტე სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა დასრულების შემდეგ მიმდინარე წლის სარწყავი სეზონისათვის მიმდებარე 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარწყავად მოსახლეობის მიერ წვეთური ირიგაციის სისტემები იქნება გამოყენებული.