თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 აპრილს presage.tv-ს კორესპონდენტმა ნინო მიქიაშვილმა სარჩელი შეიტანა - ჟურნალისტი სასამართლოსგან ითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალოს გასცეს საჯარო ინფორმაცია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების დეტალებზე.
დღეისთვის ცნობილია, რომ “საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში არსებული თურქული კულტურული უძრავი ქონებისა და თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ქართული კულტურული უძრავი ქონების აღდგენის შესახებ“ ოქმი გაფორმებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ამ ოქმის გაფორმების შემთხვევაში, ოშკის და იშხანის რესტავრაციის (ან კონსერვაციის) სანაცვლოდ ბათუმში თურქულმა მხარემ უნდა ააშენოს “აზიზიეს მეჩეთი“ და ახალციხის რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე თურქული მხარე უნდა ჩაერთოს “აჰმედიეს მეჩეთის“ რესტავრაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას წინ შემდეგი სახის აქტიურობა უძღვოდა:
2012 წლის 30 იანვარს ნინო მიქიაშვილმა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 40 მუხლების თანახმად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალისტს არასრულყოფილი პასუხი გასცა, რასაც მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 თებერვალს შეიტანა. საჩივრის განხილვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან დავითულიანის თავმჯდომარეობით 2012 წლის 1 მარტს გაიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება იმავე დღეს არ გამოუცხადებიათ.
ნინო მიქიაშვილს 21 მარტს ჩაბარდა 12 მარტით დათარიღებული ბრძანება N64, რომელსაც ხელს აწერს ლევან დავითულიანი. ამ ბრძანებით ირკვევა, რომ მიქიაშვილს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ჟურნალისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც მის უფლებებს ადვოკატი მამუკა ნოზაძე დაიცავს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ "საერთაშორისო ხელშეკრულების შინაარსი, მის ოფიციალურ გაფორმებამდე, არ ექვემდებარება გასაჯაროებას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის N42 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის 4.1 და 4.1.1 პუნქტებიდან გამომდინარე“.
presage.tv-ს კორესპონდენტი და მისი წარმომადგენელი, მამუკა ნოზაძე კი მიიჩნევენ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42 მუხლის (“ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია“) “ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა, რომელიც 2012 წლის 30 იანვრის განცხადებითაა გამოთხოვილი, რადგან თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის შესახებ საზოგადოება დიდ ინტერესს ავლენს, არ წარმოადგენს, არც სახელმწიფო, არც კომერციულ, არც პირად საიდუმლოებას და მისი გამჟღავნებით ზიანი, არც საზოგადოებას მიადგება და არც ქვეყანას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლების მიხედვით, ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ, ან პირად საიდუმლოებას.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა presage.tv-ს კორესპონდენტს შეუზღუდა სრულყოფილი საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება, რისი მიღების უფლებაც მას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით და რის გაცემასაც ავალდებულებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლები“, - ამბობს მამუკა ნოზაძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ოქმი და მისი პირობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-3-ე “ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაშინ, როცა ამ ქვეპუნქტის დებულება ეხება იმ ინფორმაციას, რომელიც საგარეო ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება, ეხება საგარეო პოლიტიკას, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი წინასწარი გამჟღავნება ზიანს მოუტანს სახელმწიფო ინტერესებს.
“ჩემს მიერ 2012 წლის 30 იანვარს გამოთხოვილი ინფორმაცია ეხება ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. გამომდინარე აქედან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს არ უნდა დაემალა საჯარო ინფორმაცია და აპელირება არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს კანონით “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ და “საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, ვინაიდან მითითებულ კანონებზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს კონსიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწმვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო მოეწოდებინა ჩემს მიერ, 2012 წლის 30 იანვრის განცხადებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია“, - ამბობს presage.tv-ს კორესპონდენტი.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, საჯარო დაწესებულების უარი – მიაწოდოს ნინო მიქიაშვილს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხელს უშლის მისი, როგორც ჟურნალისტის ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელებაში, რაც გამოიხატება ფაქტობრივი საფუძვლის მოპოვებასა და ინფორმაციის დაზუსტებაში.
“კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც 2009 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ და რასთან დაკავშირებითაც განცხადება მქონდა შეტანილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რაზეც მოწმობს:
2009 წლიდან მოყოლებული დღემდე მომზადებული და გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაცია, ტელესიუჟეტი და რადიოგადაცემა; პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, მიმართვები, რომლითაც ისინი ხელშეკრულების დეტალების გასაიდუმლოებას აპროტესტებენ; ქალაქ ბათუმში 2011 წლის 23 მარტს და 2012 წლის 31 მარტს გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციები; ბათუმის პრესკაფეში 2011 და 2012 წლებში გამართული დისკუსიები; 2012 წლის 4 მარტს, ბათუმის ცენტრში, საქართველოს ეკლესიის ინიციატივით, ღია ცის ქვეშ აღვლენილი საზეიმო წირვა; საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან 2012 წლის თებერვალსა და მარტში გაკეთებული განცხადებები; საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებები; საქართველოს მუსულმანთა სამმართველოს ხელმძღვანელის ჯემალ პაქსაძის მიერ მასმედიით გაკეთებული განცხადებები; ქართველ მუსულმანთა მიერ 2012 წლის 27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაკეთებული საჯარო განცხადება, რომელსაც თან 160 ხელმოწერა ახლავს და 2012 წლის 6 მარტს აჭარის ყოფილი მუფტის, მაჰმუდ ქამაშიძის ვიდეომიმართვა“, - ამბობს presage.tv-ს კორესპონდენტი.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, რასაკვირველია, წარმოადგენს საზოგადოებრივი, საჯარო ინტერესის საგანს; ნინო მიქიაშვილი კი ახორციელებდა სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის ლეგიტიმურ შეგროვებას, რაშიც ხელი შეეშალა.
P.S. მიმდინარე წლის 21 მარტს ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით - თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ საიდუმლო გრიფი არ მოხსნა. ამ წერილის მეშვეობით მივმართეთ იმ ადამიანებს (დავით ზურაბიშვილს, ბექა მინდიაშვილს და ზვიად ქორიძეს), რომლებიც თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ, მაგრამ ხელშეკრულების დეტალების გასაიდუმლოებას აპროტესტებენ. მათ ვთხოვეთ სასამართლოში სარჩელი ერთად შეგვეტანა და ერთად მოგვეთხოვა ხელშეკრულების დეტალების გასაიდუმლოება. არც ერთ მათგანს არ დაუდია პატივი და არ შეგვხმიანებია.