ცოტა ხნის წინა „ეროვნულ ბანკში“ განგაში ატყდა. განგაში კი არც მეტი, არც ნაკლები, ქადაგიძის ეჭვს გამოუწვევია, რომ, შესაძლოა, ბანკში რომელიმე თანამშრომელი ნოდარ ჯავახიშვილის ნათესავი იყოსო.
„ეროვნული ბანკის“ მმართველს ეს ეჭვი რის საფუძველზე გაუჩნდა, ან ადეიშვილის ფავორიტს ჯავახიშვილის ნათესავის მოსაძებნად საკუთარი რესურსები რისთვის დასჭირდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბანკის ყველა თანამშრომლის საგულდაგულო გადამოწმება მიმდინარეობდა.
„ეჭვმიტანილს“ ეძებდნენ ყველა განყოფილებაში, დამლაგებლიდან დაწყებული და, ლამის, თავად ქადაგიძით დამთავრებული. თითოეული თანამშრომელი მოწმდებოდა არა მარტო ოჯახის წევრების და პირველი რიგის ნათესავების დონეზე, არამედ ყველა შესაძლო ახლობლის მეზობლის შორეული ნათესავების დონეზე.
თითოეული განყოფილების უფროსი გაფრთხილებული ყოფილა, რომ თავის ქვეშევრდომებში ჯავახიშვილის ნათესავი თუ ახლობელი საკუთარი ძალებით უნდა აღმოეჩინა, თორემ, თუკი ასეთ ადამიანს მასთან სხვა აღმოაჩენდა, მას სამსახურიდან გაშვება ემუქრებოდა.
სამსახურიდან გაშვების შიშით კი ადამიანები საგულდაგულოდ ეძებდნენ ჯავახიშვილის მოგვარესა თუ ნათესავს და ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ, სადმე ხომ არ დალაპარაკებია ჯავახიშვილს, არ დავიღუპოთო.
გასაგებია, ქადაგიძეს ჯავახიშვილი რატომ არ მოსწონს, მაგრამ ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ბანკის თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთზე ინფორმაციის მოძიებით იყვნენ დაკავებულნი, რომ სამსახური არ დაეკარგათ. მით უმეტეს, რომ ყველამ კარგად იცის, „ეროვნული ბანკიდან“ ქადაგიძის გაგდებულ ადამიანს არც ერთი კომერციული ბანკი არ მიიღებს სამუშაოდ. ასე რომ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანამშრომლებს, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის სავალუტო სიმყარეზე ეფიქრათ, საკუთარი მდგომარეობის არშერყევაზე ზრუნავდნენ.
ბოლოს, როგორც იქნა, აღმოუჩენიათ, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის ყოფილი ქმრის გვარი ჯავახიშვილია, რომელიც სადღაც მძღოლად მუშაობს.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა აურზაური ატყდებოდა და ამ ქალს რა დღეში ჩააგდებდნენ, რომ ეთქვა, მის ყოფილ ქმარს ნოდარ ჯავახიშვილთან რა საერთო აქვს.
ასეა თუ ისე, ბოლოს გაურკვევიათ, რომ ეს კაცი ჯავახიშვილის არც ნათესავია და არც ახლობელი. ამჯერად, სამსახურიდან არავინ გაუშვიათ ჯავახიშვილის ნათესაობის ბრალდებით. თუმცა, ძნელი სათქმელია, ქადაგიძე ძიებას გააგრძელებს თუ არა. ისე, გასაკვირი არც ის იქნება თანამშრომლებს მიხელ ჯავახიშვილის ნაწარმოებების წაკითხვა ან იმის თქმა, რომ როდესმე წაკითხული აქვთ, აუკრძალონ. მართალია, ეს მისი ნამდვილი გვარი არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ რაიმე ნათესაური კავშირი მაინც აღმოაჩნდეთ?