სააღდგომო შეწყალება დამატებითი ხმების მობილიზებისთვის

სააღდგომო შეწყალება დამატებითი ხმების მობილიზებისთვის

სააღდგომოდ პრეზიდენტმა 200 პატიმარი შეიწყალა. როგორც ყოველთვის, ეს ფაქტი ნაციონალური მაუწყებლების ეთერით ფართოდ გაშუქდა. ახალი ამბავი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა გვამცნო და მოგვახარა, რომ შეწყალებული პატიმრები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარ სახლებში შეხვდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ 417 პატიმრის განაცხადი შეისწავლა, საიდანაც 203 დადებითი რეკომენდაცია მისცა. აღსანიშნავია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ კომისია მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს (ნარკოტიკების გამსაღებლები, მკვლელობისა ან გაუპატიურებისთვის მჯსავრდებული პირები) რეკომენდაციას არ აძლევს.

პარლამენტი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ შეწყალებას ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის იყენებს, რაც ძირითადად არჩევნებს უკავშირდება. Presage.tv დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „მართალია მე არ გახლავართ შეწყალების კომისიის წევრი, მაგრამ შეწყალების პროცესის შესახებ ინფორმაცია გამაჩნია. შეწყალების კომისია აღჭურვილია პრზიდენტისგან დელეგირებული უფლებით აწარმოოს მსჯავრდებულ პირთა შუამდგომლობების განხილვა. ამ კომისიის მუშაობა არის ძალიან არაეფექტური და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ორშაბათს იქნა წარმოდგენილი ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ჩატარებულ ინტერაქტიულ გამოკითხვაში, როდესაც გამოკითხულთა 97%-მა უნდობლობა გამოუცხადა ამ კომისიის მუშაობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად შეწყალების კომისია სამი კომპონენტისგან შედგება, ეს გახლავთ სამთავრობო, საპარლამენტო და საზოგადოებრივი. სწორედ ეს საზოგადოებრივი კომპონენტი იმსახურებს განსაკუთრებულ უნდობლობას, ვინაიდან საზოგადოების წარმომადგენლები იმიტომ არიან ამ კომისიაში, რომ საზოგადოებამ ამ კომისიის მუშაობის მანკიერი მხარეები იცოდეს. სამწუხაროდ, საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ამ კომისიის შემადგენლობაში შედიან, არანაირი განაცხადი არ კეთდება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს უნდობლობის ხარისხს.

მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის ის, რომ შეწყალების კომისიის თანმჯდომარისგან ძალიან ხშირად მოისმენთ, რომ კომისია იხილავს მხოლოდ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირების განაცხადებს, ხოლო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს ისინი არ ეხებიან. სინამდვილეში შეწყალების კომისიის დებულებაში განსაზღვრულია ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის შუამდგომლობის განხილვა, თუ მას მოხდილი აქვს სასჯელის ვადის ნახევარი. მიუხედავად ამისა, ასეთი პირების მიმართ შეწყალების კომისია განცხადებას არ აკეთებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კომისია გარეგნული ანტურაჟის სახეს ასრულებს და რეალურად, შეწყალების პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში, სადაც საბოლოოდ დგება სიები, რომლებსაც პროკურატურა წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.

ფორმალური ანტურაჟის დემოკრატიული სახის შესაქმნელად ხელისუფლება იყენებს შეწყალების კომისიას, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან ხშირად აწმენდს ხელს. ამის ნათელი დადასტურება გახლდათ იგივე გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირების ჯერ, პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებით, შემდეგ კი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელისგან განთავისუფლება. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაზეც მოგახსენებთ, ანუ რომ კომისიამ აიღოს თავის თავზე მორალური ტვირთი.

ბოლო შეწყალებაზე, რომელიც სააღდგომოდ განხორციელდა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შეწყალების კომისიის მიერ განხილული იქნა 417 საქმე, და აქედან თითქოს 170 დაკმაყოფილდა, ანუ 170 ადამიანს გაეწია რეკომენდაცია შეწყალებაზე. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ არსებობს პერსონიფიცირებული სტატისტიკა, საბოლოოდ რამდენი ადამიანი განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ თუკი სისხლის სამართლის წარმოება სამსჯავრო გამოძიების კუთხით არის საჯარო და  საზოგადოებისთვისთვის ცნობილია, მაშინ რატომ არ უნდა იყოს ცნობილი შეწყალებულ პირთა ვინაობა. როგორც წესი, შეწყალებულ პირთა სიას კომისია არ აქვეყნებს. არ აქვეყნებს არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იგი რჩება გასაიდუმლოებული.

მე შეგნებულად ჩავატარე პიროვნული სუბიექტური კვლევა. სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან მობილიზებული მყავდა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც ცდილობდნენ დაედგინათ ამ შეწყალებაზე რამდენმა ადამიანმა დატოვა საპატიმროები. მინდა გითხრათ, რომ მათ მე ასეთი პატიმრების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა დამისახელეს. 170 ადამიანი განთავისუფლებული არ არის, მაგრამ ძალიანაც რომ გვინდოდეს, რომ ეს ინფორმაცია მტკიცებულებების დონეზე წარვუდგინოთ საზოგადოებას, ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან ასეთი სტატისტიკა ოფიციალურად არ ქვეყნდება. ასეთი მსჯავრდებულების პერსონიფიცირება არ ხდება, რაც რა თქმა უნდა, არათუ ეჭვს იწვევს, არამედ შეგვიძლია დადასტურებულად მივიჩნიოთ, რომ ეს რიცხვი ერთგვარად გაზრდილი, გაბერილია და არ შეესაბამება სინამდვილეს.

ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ჩვენ გვესმის, რომ მიმდინარეობს ბინძური გარიგებები სხვადასხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებთან, რომლებსაც გაკრვეული გარიგების საფუძველზე სთავაზობენ განთავისუფლებას. არაერთი ფაქტი გვაქვს იმისა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პირველივე წელიწადს იყვნენ განთავისუფლებულები მაშინ, როდესაც 15-16, ან უფრო მეტი წელი ჰქონდათ მისჯილი.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განაცხადა, რომ შეწყალებულთაგან ნაწილმა დატოვა საპატიმროები, ხოლო დანარჩენს სასჯელი გაუნახევრდა და იქნებ სწორედ ამიტომ გაცნობეს თქვენი დნობით აღჭურვილმა პირებმა, რომ პატიმრების თითზე ჩამოსათვლელმა რაოდენობამ დატოვა ციხეები.

- 170-დან თითზე ჩამოსათვლელი პატიმრები არ უნდა გამოსულიყვნენ, რადგან თუ განახევრებაზეა საუბარი, ნახევარზე ნაკლებს გაუნახევრდებოდა სასჯელი, დანარჩენებს უნდა დაეტოვებინათ საპატიმროები. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით სულ 13 მსჯავრდებული ქალბატონი და სულ რამდენიმე არასრულწლოვანია მოხვედრილი ამ სიაში. რაც შეეხება მთლიანად ამ 170 ადამიანს, საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა კომისიის მუშაობა და სად არის განთავისუფლებული ადამიანების რაოდენობა, ჩვენთვის ეს უცნობია.

ანუ თქვენ აცხადებთ, რომ ხელისუფლება შეწყალებებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს?

- ხელისუფლება შეწყალებებს ყოველთვის იყენებდა და დღესაც იყენებს თავისი მიზნებისთვის, რომლებსაც საარჩევნო ელექტორალური დატვირთვა და ხასიათი გააჩნია. სწორედ კონკრეტულ არჩევნებში გამარჯვებისა და წარმატების ერთ-ერთ წარმატებულ მეთოდად განიხილება მსჯავრდებული პირის ახლობლებთან მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტული დავალებების შესრულების სანაცვლოდ და ძალიან ხშირია, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები ისევ უკან ბრუნდებიან ციხეებში. შეგახსენებთ მუნიციპალიტეტების არჩევნების დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც რატი რეხვიაშვილის დედამ, ქალბატონმა მარინა ქებაძემ ღიად ამხილა დიდუბის პოლიციის უფროსი იმაში, რომ იგი გაურიგდა ქალბატონ მარინას, რომ 120 ხმის სანაცვლოდ მისი შვილისთვის 5 წელი ჩაეთვალათ პირობით გამოსაცდელ ვადად. ეს არის გამხაურებული საქმე. ეს ადამიანი იყო მსჯავრდებული ქურდობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მის დედას გაურიგდნენ და 120 ხმის სანაცვლოდ სასჯელი შეუმსუბუქეს. შემდეგ კი მას უზნაძის ქუჩაზე ჩადენილი მკვლეობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.