საქართველოში ინგლისურომანიის დაწყების ირგვლივ გამოხმაურებები არ წყდება. ცალკერძ უცხოური მედიის, ცალკერძ კი ქართველი სტუდენტების პოზიციების შეჯერებისას ირკვევა, რომ ისევე როგორც ყველა სამთავრობო პროექტის მიმართ, ამ პროგრამის მიმართაც საკმაო სკეპტიციზმი არსებობს.
ბრიტანულმა გამოცემამ „გარდიანმა” საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლებაზე სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს სკოლებში ინგლისური აუცილებელი საგანი გახდა, რუსული კი - დამატებითი უცხო ენა.
საქართველოში კი 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანა უკვე დაიწყო. აშშ-დან, კანადიდან, ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოყვანილ ადამიანებს სახელმწიფო თვეში 500 ლარს (272 დოლარს) გადაუხდის.
„გარდიანის” კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს 40 წლამდე მოქალაქეები თავისუფლად საუბრობენ რუსულად. უმცროსი თაობის წარმომადგენლები კი უპირატესობას ინგლისურს ანიჭებენ და შეიძლება, აღშფოთებაც კი გამოხატონ, თუ მათ გავლენიანი ჩრდილოელი მეზობლისა და მეტოქის ენაზე დაელაპარაკებით.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ენად რუსულს სულ უფრო ცოტა აბიტურიენტი ირჩევს, თუმცა ასევე მცირდება სხვა ენებზე მოთხოვნაც. ერთადერთი გამონაკლისი, რომელზეც აბიტურიენტების განაცხადები წლიდან წლამდე იზრდება, ინგლისურია.
მაგალითად, 2005 წელს, როდესაც ეროვნული გამოცდები დაიწყო, ინგლისური უცხო ენად 16 ათასმა აბიტურიენტმა აირჩია, წლეულს კი ამ ენაში გამოცდა 22 ათასმა ახალგაზრდამ ჩააბარა.
5000-დან 800-მდე შემცირდა მოთხოვნა ფრანგულზე და გერმანულზე (5 500-დან 3 500-მდე). რაც შეეხება რუსულს, თუ 2005 წელს რუსული უცხოურ ენად 12 ათასმა აბიტურიენტმა ჩააბარა, წელს ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა 8 ათასი იყო.
ბოლო სიახლე, რომელიც ინგლისურ ენას უკავშირდება, ამჟამად ყველა სტუდენტს ეხება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით ინგლისური ენის ჩაბარების გარეშე სტუდენტი 2011 წლიდან დიპლომს ვერ მიიღებს.
ასეთმა მიდგომამ სტუდენტებში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. მათთვის, ვინც თვლის, რომ ინგლისური იცის, მოსალოდნელი გამოცდა საშიში საერთოდ არაა და დარწმუნებულნ,ი არიან, რომ დიპლომს თავისუფლად აიღებენ. სტუდენტების ნაწილმა კი ვინც ინგლისური არ იცის და მისაღებ გამოცდაზეც სხვა უცხო ენა ჩააბარა, გამოცდის საკითხი მათთვის უფრო პრობლემურია. მათი აზრით, მხოლოდ ინგლისურზე აქცენტის გაკეთება შეიძლება უსამართლო იყოს იმის გამო, რომ მისაღებ გამოცდებზე სხვა ენების ჩაბარებაცაა ნებადართული.
უცხოელი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ საქართველო რუსული ენის ყოველდღიურობიდან გასადევნად ემზადება, მაგრამ რუსული პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ დომინანტად რჩება.
თუმცა, მათივე შეფასებით, კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ რუსულის მესამე რიგის უცხო ენად გადაქცევას პერსპექტივას და მიუთითებენ, რომ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ინგლისური ენის სწავლების ხარისხი საქართველოშიც ძალიან დაბალია.
ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ქართველი სტუდენტებიც: -“საერთოდ არ მინდა ამერიკელებს თავი მოვაწონო იმით, რომ მათ ენაზე კარგად ვსაუბრობ, გერმანული ენის ცოდნითაც შეიძლება კარიერის აწყობა. სამწუხაროა, რომ არჩევანის თავისუფლება არ გვაქვს. და თუ ასეთი გამოცდის შემოღებას აპირებენ, პირველ რიგში, უზრუნველყონ ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინგლისური საშუალო დონეზე მაინც ისწავლებოდეს.
ვინც კი თსუ-ში სწავლობს, ყველა იმას ამბობს, რომ ინგლისური აქ საერთოდ დაავიწყდათ. მგონი, ეს უფრო დიდი პრობლემაა და ამის მოგვარება უფრო სასწრაფოა.
რამდენიმე სემესტრი მეც მასწავლიდნენ ინგლისურს, მაგრამ ისეთი ლექტორი გვყავდა, საერთოდ ვერაფერს გვიხსნიდა და ასაკის გამო თვითონაც აღარაფერი ახსოვდა. დიპლომის ასაღებად, რეპეტიტორებთან არ უნდა გჭირდებოდეს სიარული", - აღნიშნავენ თსუ-ს სტუდენტები.