ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი წლიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი პროგრამები ამოქმედდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა 1 769 113 ლარის დახარჯვას გეგმავს. მათივე ინფორმაციით, პარალელურად გრძელდება იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტთა მხარდაჭერას ითვალისწინებს და გასულ წლებში ამოქმედდა.
"მედიკამენტოზური დახმარება ბრონქული ასთმით, ფენილკეტონურიით, ეპილეფსიითა და მეორადი ეპილეფსიური სინდრომით დაავადებულებს გაეწევათ. ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში მოქმედებს გულის ქირურგიის თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც კარდიოქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსების მიზნით მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს, დიალეზის სახელმწიფო და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართათვის მოქმედებს ტრანსპორტირების პროგრამა, ასევე გაგრძელდება პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მხარდაჭერის პროგრამა", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ქობულეთში უფასო გაზიფიცირების, მუნიციპალური უფასო სასადილოსა და უმწეო გარდაცვლილის ოჯახზე ერთჯერადი დახმარების პროგრამები მოქმედებს. სოციალური დახმარება გაეწევა ხუთ და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა მყოლ ოჯახებს, ასევე ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაიცემა, ხოლო დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახებს ყოველ თვეში 100 ლარი დაერიცხება.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსირების მიზნით კი 1 137 933 ლარია გამოყოფილი.
2016 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 15 მიზნობრივი პროგრამა მოქმედებს.