აშშ-ს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა

აშშ-ს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ საქართველოს არჩეული აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ დაფიქსირებულ შეფასებას გამოეხმაურა.

როგორც ზალკალიანმა განმარტა, ის დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა, არის მსოფლიოში არსებული პოტენციური საფრთხეების შეფასება, ის არ არის მიძღვნილი მხოლოდ საქართველოზე და სხვა ქვეყნებიც არის მოხსენიებული.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან.

"მისი მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ ხაზგასმული, რომ აშშ-ს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საქართველოს აქვს არჩეული შეუქცევადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა და რომ პირველ რიგში ეს დოკუმენტი ჩვენი მხრიდან უნდა იყოს აღქმული, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება, ყურადღების მიქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

სწორედ ეს არის ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების მხარში დგომის ძალიან მკაფიო გამოვლინება და მიმართულია იქეთკენ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ უფრო დააჩქარონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ასევე ამ კონტექსტში უნდა იყოს აღქმული ის ნაბიჯი, რომელიც აშშ-ის მხრიდან გადაიდგა, კერძოდ, საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2017 წელს ბიუჯეტის გაზრდაზე, რომელიც მიმართულია აშშ-ის ევროპელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დახმარებაზე არსებული საფრთხეების განეიტრალებისთვის.

"ეს ფინანსური დახმარება იქნება მიმართული სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის და იმ საფრთხეების მინიმალიზაციისთვის და განეიტრალებისთვის, რომელზეც საუბარი იყო სწორედ იმ დოკუმენტში",- განაცხადა ზალკალიანმა.