გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" (AECR) პრეზიდენტს იან ზარადილს, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს რიზარდ ცარენსკის და "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს რიჩარდ მისლომის შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი განიხილეს. საუბარი ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსმა" საქართველოს პრემიერ-მინისტრს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.