როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებას კალაძე საქართველოს მიმართ მხარში დგომად და დახმარებად აფასებს.
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, როდესაც არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევაჩეროთ", - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ხალხის და მთავრობის გადაწყვეტილება ეს არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია.
"რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახერხოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია", - განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაშია აღნიშნულია, რომ საქართველო რუსეთის ზეწოლის პირობებში სტრატეგიულ დასავლურ ორიენტაციას შეიცვლის.
"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში წერია, რომ რუსეთის სურვილი ფარულად გამოიყენოს სამხედრო ძალები მეზობელ ქეყნებში, მის პერიფერიებზე მღელვარებას ზრდის.