ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული

ჩვენი მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება დაცული, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი სავაჭრო ცენტრ - "გალერეა თბილისის" პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციას მართავს.

როგორც სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, დაარსების დღიდან თანაინვესტირების ფონდი ქვეყნის ეკონომიკის სექტორში არაერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თანაინვესტირების ფონდს იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც ისინი ენერგეტიკის მიმართულებით აკეთებენ.

მისივე თქმით, სწორედ თანაინვესტირების ფონდის ძალისხმევით მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული პროექტი განახლდა და დედაქალაქს 2017 წლისთვის "გალერეა თბილისის" სახით თანამედროვე არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუში შეემატება.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

"საქართველოს მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის ბიზნესის კეთების ჯანსაღი, უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო. ჩვენი მთავრობა არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითოეული ცენტი მაქსიმალურად იქნება ჩართული", - განაცხადა კახა კალაძემ და პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას სავაჭრო ცენტრი - "გალერეა თბილისი" 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.