ირინე იმერლიშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ირინე იმერლიშვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინე იმერლიშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, სერ გარი ჯონსონს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

ირინე იმერლიშვილმა სერ გარი ჯონსონსონს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსი და რეგიონში არსებული ვითარება გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სიტუაციური ოთახის მნიშვნელობა, რაც საქართველოს კრიზისული სიტუაციების მართვაში დაეხმარება.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. სერ გარი ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს საქართველოში უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის.