რამდეჯერაც შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს წვლილი შეიტანონ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას უპასუხა. ავღანეთი იქნება ეს თუ ერაყი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა", - ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.
სტატიის ავტორი, ანალიტიკოსი რენი სილვა აღნიშნავს, რომ ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის მხრივ, საქართველო აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, ხოლო ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ წინასწარი შეთანხმებების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მათი ჩართვა შეიძლება ნებისმიერ მისიაში, მათ შორის პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებში.
რენი სილვა წერს, რომ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა საქართველოში და გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალის დათვალიერებისას თავად დარწმუნდა, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ამერიკული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც აშშ ეხმარება საქართველოს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაში.
სტატიის ავტორის თქმით, აშშ-ის დახმარებით ვითარდება საქართველოს სამედიცინო სისტემაც, ხოლო საქართველოს მთავრობა აპირებს ამ დარგის ეფექტურობის გაძლიერებას.
რენი სილვა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებასაც აძლიერებს.